მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართული შეხვედრისას, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პარტნიორობის სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.
აღინიშნა, რომ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში (IDA) საქართველოს, როგორც დონორი ქვეყნის გაწევრიანება.
შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოსა და, განსაკუთრებით, რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.