ლაშა ხუციშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყანა შესაძლოა, დეფოლტთან მისულიყო, აბსოლუტურად დაცლილია პროფესიონალური განცხადებებისგან
ლაშა ხუციშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყანა შესაძლოა, დეფოლტთან მისულიყო, აბსოლუტურად დაცლილია პროფესიონალური განცხადებებისგან

გასული კვირიდან მოყოლებული მედიაში ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს, რომ არსებობდა გარკვეული ხარვეზები ამ პროცესში, ასევე აბსურდულ მოსაზრებებს, რომ დეფოლტთან შეიძლება მივიდეს ქვეყანა, ჯერ ვერ დაფარა ქვეყანამ, მერე ვერ გამოუშვა ახალი ობლიგაციები, აბსოლუტურად დაცლილია პროფესიონალური მოსაზრებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ევროობლიგაციების გამოშვებაზე მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, გამოშვებამდე ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა არ იყო, რადგან ეს პროცესი არ დაზიანებულიყო.

„ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა მაშინვე ამ მოსაზრებებზე, რადგან ეს პროცესი სენსიტიურია და გარკვეულ კონფიდენციალურ სტანდარტს მოიცავს. გამოშვებამდე ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა არ გვქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა, რაც საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ იყო სწორი სტრატეგია იქიდან გამომდინარე, რა პროცენტიც დაფიქსირდა გამოშვების დროს. ეს იყო პროფესიონალური მოსაზრებებისგან დაცლილი, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადებები, რაც არ არის საინტერესო“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.