ლაშა ხუციშვილი - მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 საბაჟო გადაწყვეტილება
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. ასევე, მინისტრის განცხადებით, პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.
„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად, მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშცვილის თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ.
„მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და, შესაბამისად, არ გაცემულა არცერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და, ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.