ლაშა ხუციშვილი - ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია
ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, მომდევნო პერიოდი ეროვნული ვალუტისთვის იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე.
„ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ლარის კურსზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, პირველ კვარტალში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, გვაქვს ახალი რეალობა. თუ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,5% უნდა ყოფილიყო, ამისდა მიუხედავად, დაგეგმილი გვქონდა 4,3%-იანი ზრდა.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხედებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით. გადავხედეთ პროგნოზებს და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გავზარდეთ 6,5% მდე. ასევე, ვთქვით, რომ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, გვექნება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა, 10%-ზე მეტი მაჩვენებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს სრულად მოხდება გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური კლების კომპენსირება.
„2021 წელს ზრდა იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე იყო კლება გასულ წელს, რაც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე იყო ნავარაუდევი. გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც ამ რეალობასა და პროგნოზებს ამყარებს. ეს არის დადებითი მაჩვენებელი აპრილში ექსპორტის მიმართულებით, დაახლოებით, 70%, ასევე, ფულადი გადმორიცხვების ზრდა – დაახლოებით, 145% -ის ოდენობით.
გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილში დაფიქსირდა, არ არის გამომდინარე რომელიმე ერთი სექტორიდან, ზრდა გადანაწილდა პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა სექტორზე. ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და დასრულდა 6-7-თვიანი არასტაბილურობის პერიოდი. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორმა, ხელი შეუწყო მოლოდინებისა და განწყობების გაუმჯობესება ეკონომიკაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.