ლაშა ხუციშვილი - „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით საქართველოს რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა
ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილის თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
„საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ვულოცავ ამ წარმატებას. ეს ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დგამს სწორ ნაბიჯებს და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, რეფორმები ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება, შესაბამისად, პროგრესი მომავალშიც იქნება სახეზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.