ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა ახალი რეგულაციები იგეგმება სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში ახალი რეგულაციების შემოტანას, რომლის მიზანია ონლაინ თამაშებთან მიმართებაში ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება.
მისივე თქმით, პირველ ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ბაზრის, დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.
„ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში გარკვეულად ახალი რეგულაციების შემოტანას, რომლის მიზანი არის ერთი მხრივ, ამ სექტორთან, ონლაინ თამაშებთან მიმართებაში მიმზიდველობის და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოვადგენთ შესაბამის ხედვას. პირველი ეტაპი, რომელზე დავალებაც მიიღო ფინანსთა სამინისტრომ, გულისხმობს საგადასახადო ბაზრის, დასაბეგრი ბაზრის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ ჭრილში, ისე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რომელიც გაჟღერებულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ცვლილებები გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას, ასევე რეკლამის აკრძალვას.
„თავის მხრივ, ეს ხელს უწყობს მიმზიდველობის და ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეულ ცვლილებებს. ეს არის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, აქ არაფერი ახალი არ არის, რაც ამ სექტორთან მიმართებაში არაა მიღებული ბევრ ქვეყანაში. ეს სექტორი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ის სისტემები, რისი დიდი ნაწილიც ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ, აწყობილი გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ.
ფინანსთა სამინისტროს ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით. რეკლამასთან დაკავშირებით მოიაზრება, რომ რეგულაცია რეკლამის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. რეკლამის ერთი ნაწილია დარჩენილი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სპონსორობას და ამ ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში გვექნება მუშაობა.
რაც შეეხება გადასახადებს, გადასახადებთან მიმართებაში არა ერთი რომელიღაც კონკრეტული გადასახადის ცვლილებაზეა საუბარი, არამედ – დასაბეგრი ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებაზე. აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. დაბეგვრის აბსულუტურად განსხვავებული მოდელია. რთულია, შევადაროთ არსებულ მოდელთან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული ადამიანებისთვის, მოთამაშეებისთვის“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე გეგმავენ გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვას.