ლაშა ხუციშვილი - განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში
განათლება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია და ეს ნათლად ჩანს მისი დაფინანსების მოცულობებში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე. მისი თქმით, 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და სამი მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს.
დაფინანსების ჯამური მოცულობიდან მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე; 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად; სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს; პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, ჯამში, გამოყოფილია ორი მილიარდ 70 მილიონი ლარი. მისი თქმით, გამოყოფილი ჯამური თანხიდან სკოლებისა და ინკლუზიური განათლების დაფინანსებას მოხმარდება მილიარდ 336 მილიონი ლარი, რაც 170 მილიონით აღემატება 2023 წლის დაფინანსების მოცულობას.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი გამოყოფილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასის მოსაწესრიგებლად.
„მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების მოცულობა დიდწილად დაკავშირებულია საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან. ახალი მოდელის მიხედვით, მომდევნო წლის ივლისიდან სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და 1 900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასის, დაახლოებით, 35-პროცენტიანი ზრდა, რის შემდეგაც მასწავლებლის ანაზღაურება გარკვეულწილად გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, გარდა მასწავლებლების ხელფასისა, 2024 წელს გაიზრდება სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურების ხელფასებიც. კერძოდ, მანდატურების ხელფასები გაიზარდა 125 ლარით (1000 ლარიდან 1125 ლარამდე), ხოლო ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი იზრდება 10 პროცენტით. ასევე, გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 18 ლარიდან 20 ლარამდე.
ზოგადი განათლების დაფინანსების ფარგლებში 60 მილიონ ლარამდე გამოყოფილია მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფისთვის (პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემად), ხოლო 77 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი საჯარო სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოსაწყობად.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გათვალისწინებული 790 მილიონი ლარიდან 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86 პროცენტით.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 400-ზე მეტის სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგეგმილია დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება. 2024 წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. მისი თქმით, 2024 წელს პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.