ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, ბანკის დირექტორთა საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი კლარა კლორი, კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
შეხვედრა მაროკოში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
„მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.
აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბანკი უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.