ლაშა ხუციშვილი - ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წელს ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარით გაიზარდა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის საჭიროებებზე დამატებით გამოიყო თითქმის ერთი მილიარდი ლარი. ჯამში, მინისტრის თქმით, პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე 2021 წელს მიიმართა ორი მილიარდი ლარი.
„გარდა ამისა, წლის განმავლობაში, დამატებითი თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და დაგეგმილი 7,6 პროცენტის ნაცვლად, მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6,1 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, პანდემიისა და მის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების გავლენით, 2020 წელს ვალის მოცულობამ 60 პროცენტს გადააჭარბა და ამავე მაჩვენებელზე დაიგეგმა 2021 წელიც.
„თუმცა, გასულ წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ეს პარამეტრიც. 2021 წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.