ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომსონს, რომელიც საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს წინსვლის პროცესში, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.
საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის მაისში თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს და ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით არჩეულია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.