ლაშა ხუციშვილი - აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე მისი შემდგომი განვითარება 
ლაშა ხუციშვილი - აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე მისი შემდგომი განვითარება 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს, ასევე მისი შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნედ პრაისი ამბობს: „ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.

რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, შექმნილია  შესაბამისი სამუშაო ჯგუფი და რეკომენდაციების შესრულება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად არის საჭირო.

ამასთან, ლაშა ხუციშვილის თქმით, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა.

„ამასთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფია და ვადებია განსაზღვრული. აღნიშნული პუნქტების შესრულება მიმდინარეობს იმ ტემპით, რა ტემპიც საჭიროა კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად. რაც შეეხება პოლარიზაციის ხარისხს, პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების, მთავრობის ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. ყველა პუნქტი ვადებში შესრულდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.