ლაშა ხუციშვილი - ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მილიონ ლარს დაზოგავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ობლიგაციების ვადიანობა ხუთი წლით განისაზღვრა და საპროცენტო განაკვეთი კი მინისტრის განმარტებით, უპრეცედენტოდ დაბალია.
„მიმდინარე ახალი ობლიგაციებით მოხდა რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 2,5-ჯერ მაღალი იყო – 6.875% და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაახლოებით 350 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალს დაზოგავს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ახალი 500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის – 500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების მეშვეობით მოახდინეს.