ლაშა ხუციშვილი - ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომლებსაც ქვეყანა ADB-სთან ერთად ახორციელებს
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბანკს საქართველოში ინვესტირებული აქვს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ასევე მნიშვნელოვნია, რომ მიმდინარე პროექტები, ჯამში, ორ მილიარდ დოლარს აღწევს.
„აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მხარეები მაქსიმალურად დააჩქარებენ პოზიციებსა და პროცესებს, რათა დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით გახდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.