ლაშა ხუციშვილი - 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილია მაქსიმალურად იმ ფორმატში, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ის სიკეთე, რასაც საქართველოს ეკონომიკა ქმნის
2024 წლის ბიუჯეტი შედგენილია მაქსიმალურად იმ ფორმატში, რომ მოხდეს თითოეულ ადამიანამდე მისვლა იმ სიკეთის, რა სიკეთესაც ქმნის დამატებით საქართველოს ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტის პრიორიტეტები შესაბამისობაშია ქვეყნის პრიორიტეტებთან.
„განათლების სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება საქართველოში და, ბუნებრივია, ამ რეფორმებს სჭირდება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანხები, რომლებიც გამოიყოფა განათლების მიმართულებით. დაახლოებით, 400-500 მლნ ლარამდე არის ზრდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში განათლების სექტორში. ეს აწესრიგებს და ჭრის იმ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჰქონდა დაგროვებული. თქვენ იცით, რომ დაანონსებული გვაქვს, დაახლოებით, 1 000 ახალი სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია. ასევე 1 000 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა უნდა განხორციელდეს მომდევნო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამას გარდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება იმისა, რომ ხელფასების საკითხი განათლების სექტორში მოწესრიგდეს. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან. ბუნებრივია, ყველა ეს მიმართულება, საბოლოო ჯამში, არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველოში მოხდეს განათლების ხარისხის ზრდა. შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შესაძლებელია, რომ პრეტენზია ჰქონდეს, მომდევნო წლების განმავლობაში ხანგრძლივად და მდგრადად ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სექტორმა მნიშვნელოვანი და აუცილებელი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, განათლებისა და ჯანდაცვის ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.
„არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ჯანდაცვის მიმართულებით და თქვენ ამას ყოველდღიურად ხედავთ. ისევე როგორც, ვთქვათ, წამლებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე სახელმწიფოს მხრიდან სოციალური შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებით. სულ ახლახან დაანონსდა ახალი პროგრამა – ფაქტობრივად, პენსიონერი ადამიანისთვის მთელი წლის განმავლობაში ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო წამლებს აბსოლუტურად უფასოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო. გარდა ამისა, რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ჯანდაცვის სისტემაში, უზრუნველყოფს იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარით შემცირდეს ე.წ. ჯიბიდან გადახდები, მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხები ჯანდაცვის სექტორში. ბუნებრივია, რეფორმებს სჭირდება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაც და ჩვენი ბიუჯეტი სწორედაც პასუხობს ამ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც აქვს დღეს ქვეყანას. ბიუჯეტი შედგენილია იმ ფორმატში, რომ მოხდეს მაქსიმალურად თითოეულ ადამიანამდე მისვლა იმ სიკეთის, რა სიკეთესაც ქმნის დამატებით საქართველოს ეკონომიკა“, – განაცხადა ხუციშვილმა.