ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ექვსი მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული
ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ექვსი მილიარდ 460 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია, ჯამში, ექვსი მილიარდ 460 მილიონი ლარი. მისი თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80 პროცენტით.

მინისტრის თქმით, 2024 წელს სამი მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის; მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის; 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს; დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი; 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს იზრდება პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა. კერძოდ, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 378 ლარს.

მინისტრის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43 პროცენტია, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66 პროცენტია.

სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560-ლარიანი ზღვარი იზრდება 78 პროცენტზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით; 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები.

იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ: უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): ორიდან ხუთ ლარამდე; უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: ხუთიდან ათ ლარამდე; უფროსი ოფიცრის წოდებაზე: ათიდან 15 ლარამდე; უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკი ბავშვების დახმარებებზე.

მინისტრის თქმით, აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა ოთხჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.

მომავალ წელს იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი;

მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში 2024 წელს ასევე იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც. შვიდლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე; 22-ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით; 44-ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სოციალური დახმარებების ფარგლებში იწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1000-მდე მრავალშვილიანი ოჯახისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში შესყიდული იქნება საცხოვრებელი ფართები. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი.