ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მაჩვენებელი 28,5 მილიარდი ლარია
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური თანხის 30 პროცენტი, 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე; 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13 პროცენტი მიიმართება განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10 პროცენტი, 2,9 მილიარდი ლარი მიიმართება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე მიიმართება 950 მილიონი ლარი.
როგორც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია, ჯამურად, 6,9 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, გათვალისწინებულია 4,8 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17 პროცენტი.
„ჩემ მიერ ჩამოთვლილ პროგრამებსა და პროექტებზე მიიმართება ბიუჯეტის რესურსის, ჯამურად, 88 პროცენტი, ხოლო 12 პროცენტით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.