საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ტენდენციები კვლავ პროგნოზირებულზე მაღალი იყო.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპორტის მოცულობა წინა წლის ექვს თვესთან შედარებით, 19,3%-ით გაიზარდა და 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 57,9%-ით და 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 23,9%- ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე პერიოდის) პირველი ნახევრის მაჩვენებელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10%-ზე მეტად და 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა.
„სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,3%-ის ოდენობით, ასევე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით, უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა და მშპ-ის 2,8%-ია, რაც შეეხება მთავრობის ვალის მაჩვენებელს, ის კვლავაც 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა მშპ-სთან მიმართებით და დაახლოებით, მშპ-ის 39,6%-ია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები, ჯამში, იზრდება 520,0 მლნ ლარით და 19 410,0 მლნ ლარს შეადგენს; გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 230 მლნ ლარს (იზრდება 315,0 მლნ ლარით); პრივატიზაციის მაჩვენებელი უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) 420,0 მლნ ლარს შეადგენს.
ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც დაგეგმილია საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები. მისი თქმით, 20 მლნ ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადად მიმართული იქნება სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად, როგორც რაჭაში, ისე გურიაში.
„ყველაზე დიდი მოცულობით – 250 მლნ ლარით, იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 75,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად. 8,0 მლნ ლარი – მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად, 120,0 მლნ ლარი დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ახალი პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და უდიდესი ნაწილი – 34,8 მლნ ლარი მიიმართება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსებაზე, ასევე, 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები. მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 23,0 მლნ ლარით, საიდანაც დიდი ნაწილი – 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო 3,0 მლნ ლარი მიიმართება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით, 10,0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,0 მლნ ლარით.
„40,0 მლნ ლარით იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა და აღნიშნული თანხები მოხმარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს, მათ შორის, კომპენსაციების გაცემას. სტიქიის მიმართულებით, ასევე, იზრდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 100,0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები; ჯამში – სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მიიმართება, დაახლოებით, 100 მლნ ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100,0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გამყარებით გასულ პერიოდთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის.
„ეს არის მიმდინარე წლის ხარჯი. 2024 წელს ამ მიმართულებით გამოიყოფა დამატებითი თანხები, როგორც არჩევნების პროცესისთვის, ისე სხვა საჭიროებებისთვის, იმისთვის, რომ სრულყოფილად ჩატარდეს არჩევნები ელექტრონულ ფორმატში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი გადაეგზავნება პარლამენტს განსახილველად.
„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, გრძელდება მუშაობა, პირველადი ვარიანტი პარლამენტში წარდგენილი იქნება მიმდინარე თვის ბოლოს, მეორე წარდგენა იქნება 5 ნოემბერს, სადაც უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.