ლაშა ხუციშვილი - 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7% შეადგინა, ეს მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია
ლაშა ხუციშვილი - 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7% შეადგინა, ეს მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია

2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დღეს საბაჟო ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ევროპული მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე პროექტების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება.

„2024 წელი, ასევე, გამორჩეული იქნება საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისთვის და, იმავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანით დაინტერესებული სატრანსპორტო სექტორისა და ექსპორტიორებისთვის, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სამთავრობო დაწესებულებებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემათ საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე გადაზიდოს ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში დაინერგა ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი საქართველოში. დღეისთვის ასეთი ტიპის სტატუსის მქონე რვა ეკონომიკური ოპერატორია.

„ვსარგებლობ დღევანდელი შესაძლებლობით და ბიზნესსექტორის თითოეულ წარმომადგენელს, ბიზნესასოციაციებს მოვუწოდებ, მოითხოვონ აღნიშნული სტატუსის მიღება, გახდნენ ჩვენი პარტნიორები და წვლილი შეიტანონ ევროკავშირის ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან მიმართა ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას.

„ევროკავშირთან საბაჟოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, აგრეთვე, ევროკავშირის საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ საბაჟო სფეროში ჰარმონიზების დღის წესრიგი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.