ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით
ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0 პროცენტის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5 პროცენტის ფარგლებში.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5 პროცენტს შეადგენს. 2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6 პროცენტით)“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5 პროცენტს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც.

მისივე განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ის 4.3 პროცენტს. 2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა, ჯამში, დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 22,0 პროცენტს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8,5 პროცენტს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ის 7,0-7,1 პროცენტის ფარგლებშია. 2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7 პროცენტს.

„თქვენ იცით, რომ გასულ წელს, პანდემიის გამო, ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60 პროცენტი და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443.3 მლნ ლარია. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID- 19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. ეს ძირითადად მოიცავს მკურნალობის, ვაქცინის ხარჯებს, რომელიც დამატებით შესაძლოა, ქვეყანას დასჭირდეს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე მიიმართება 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით); ზრდა დაკავშირებულია 2021 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სოციალური შეღავათებისთვის მაღალმთიან დასახლებაში გათვალისწინებულია 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 108.9 მლნ ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები მომავალ წელს შეადგენს 1 862.3 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 323.4 მლნ ლარით. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 463.8 მლნ ლარზე მეტი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 379.9 მლნ ლარი; სულ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 134 მლნ ლარის ფარგლებში; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება შეადგენს 975.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 577.0 მლნ ლარს, საიდანაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მიიმართება 84.6 მლნ ლარი, ერთიან აგროპროექტზე 257.7 მლნ ლარი და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. მათ შორის: მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის – 50,0 მლნ ლარამდე; მეწარმეობის განვითარება – 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45.0 მლნ ლარს; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – 22.7 მლნ ლარი და სხვა.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, რომელიც ეფუძნება დღემდე არსებულ პარამეტრებს. მას შემდეგ, რაც დაიწყება განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და შესაბამისი შენიშვნებითა და კომენტარებით ბიუჯეტის ეს ვერსია დაბრუნდება მთავრობაში, უკვე მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება დაზუსტდეს მთელი რიგი პარამეტრებისა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით და აღნიშნული დაზუსტებული პარამეტრებით და გამოთქმული კომენტარების შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენა პარლამენტში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.