ლაშა ხუციშვილი - 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა
ლაშა ხუციშვილი - 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა

პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული.

„ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა არამარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდა სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2004-2016 წლების საშუალო 12 პროცენტიდან შემცირდა 5.5 პროცენტამდე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი – 2.1 პროცენტამდე.

როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენცია შეიცვალა გლობალური პანდემიის გამო.

ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.

„გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი 9,3 პროცენტამდე. ტურიზმის სექტორის პრაქტიკულად სრული დაკარგვის ფონზე, გაიზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუმცა, გაუმჯობესება განაგრძო ქვეყანაში უთანაბრობის მაჩვენებელმა. ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეს შემცირება განსაკუთრებით ნიშანდობლივია პანდემიის დროს და ვფიქრობ, ადასტურებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებით შევძელით ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.