ლაშა ხუციშვილი - მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა სესხის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას მისცემს
მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა სესხის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარებისთვის. ცხადად განვაცხადეთ, რომ 60%-იანი ნიშნული არ არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაბამისი. ამდენად, ყველა ღონისძიება იქნება გატარებული იმისთვის, რომ ამ ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს უკვე მიმდინარე წელს და მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში ამ ნიშნულს ჰქონდეს მუდმივად შემცირებადი ტრაექტორია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული.
„ჩვენ ეს გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ და თქვენ წინაშეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ქვეყნის საგარეო ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს. ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს, იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ყოველთვის იქნება განხილული და გადაწყვეტილება ამასთან მიმართებაში იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის თემა, რომელიც ეხება რეფორმებს და რეფორმებთან დაკავშირებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ რეფორმები გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი. სხვა ვალებთან მიმართებაში, გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს. ვალის დონის მნიშვნელოვნად შემცირება აუცილებელია, რათა დაიწყოს უკვე მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში.
პროექტებთან მიმართებაში სესხები შეიძლება აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილში განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ის მოდელიც, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში შეიძლება შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. ანუ ეს შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული დონორი სესხთან მიმართებაში იქნება წამყვანი, მაგრამ სესხის მოცულობა შემცირდება და უკვე ბიუჯეტი შევა ამ კონკრეტულ სესხთან თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხის დონეს ეკონომიკასთან მიმართებაში. შესაბამისად. ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, რომ სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარებისთვის. ცხადად განვაცხადეთ, რომ 60%-იანი ნიშნული არ არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაბამისი. ამდენად, ყველა ღონისძიება იქნება გატარებული იმისთვის, რომ ამ ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს უკვე მიმდინარე წელს და მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში მას ჰქონდეს მუდმივად შემცირებადი ტრაექტორია“, – განაცხადა ხუციშვილმა.