ლაშა ჯინჯიხაძე - ძალადობის მსხვერპლს თავშესაფრით სარგებლობა მაქსიმუმ ცხრა თვის განმავლობაში შეუძლია
ლაშა ჯინჯიხაძე - ძალადობის მსხვერპლს თავშესაფრით სარგებლობა მაქსიმუმ ცხრა თვის განმავლობაში შეუძლია

„ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ბაზაზე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 116 006, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება რვა სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი, – ამის შესახებ ფონდის დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცხელ ხაზზე მოქალაქეებმა ყოველგვარი ინდექსის გარეშე უნდა დარეკონ. ზარი აბსოლუტურად უფასოა და ყოველგვარ ტარიფს სახელმწიფო ფონდი თავისი სახსრებით ფარავს. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, მოგვმართონ“, – განაცხადა ჯინჯიხაძემ.

მისი თქმით, ფონდს მოქალაქეები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.

„ძირითადად, ეს ძალადობის შემთხვევებს ეხება. ადამიანებს აინტერესებთ, რა არსებობს სახელმწიფოში, რა ნაბიჯები შეუძლიათ გადადგან, ან ქონებრივი დავა აქვთ და გარკვევას ცდილობენ და ა.შ“, – განაცხადა ჯინჯიხაძემ.

როგორც ლაშა ჯინჯიხაძემ აღნიშნა, თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლია, მას შეუძლია ფონდს, ან შსს–ს მიმართოს და შემდეგ, თავის მხრივ, სახელმწიფო ფონდი მას სერვისებს სთავაზობს. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია ცენტრს ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარი მისცეს, ლაშა ჯინჯიხაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფონდის ბაზაზე თბილისში, სიღნაღში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ხუთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლით სარგებლობაც ძალადობის მსხვერპლს სამი, ექვსი და მაქსიმუმ ცხრა თვის ვადით შეუძლია.

„არის 24–საათიანი მომსახურება შესაბამისი კვებით. იქ არის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი, რომლებიც მოქალაქეებს დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით უწევენ. გარდა ამისა, ფონდს თბილისში კრიზისული ცენტრიც აქვს, რომელსაც ადამიანები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიღებამდე მიმართავენ, რათა შემდეგში თავშესაფარში განთავსდნენ“, – განაცხადა ჯინჯიხაძემ.

სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ კრიზისული ცენტრები გორსა და ქუთაისშიც გაიხსნა და მიმდინარე წლის განმავლობაში, რეგიონებში კიდევ სამი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.