ლაშა გზირიშვილი - საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, დაახლოებით წელიწად-ნახევარში 7-დან 8 მილიონამდე თანხა დაიზოგება
საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილებით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში პენსიონრები 7-დან 8 მილიონამდე თანხას დაზოგავენ, შესაძლოა, კომერციულმა ბანკმა გააუმჯობესოს პორტფელიც, რადგან მომხმარებელს უფრო ნაკლები ტვირთი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა განაცხადა.
გზირიშვილის თქმით, ეს ზრდის მსესხებლის გადახდისუნარიანობასაც და ლოიალობაც უფრო მეტი აქვს კომერციული ბანკის მიმართ.
„„ლიბერთი ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის პირველი იანვრიდან. ამ ხელშეკრულებაში, მათ შორის, განისაზღვრა ე.წ. საპენსიო სესხებისთვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ფორმულა და, დღევანდელი მდგომარეობით, მსგავსი სესხები გაიცემა დაახლოებით 25 პროცენტში. თუმცა, 2023 წლის პირველ იანვრამდე საპროცენტო განაკვეთები ბევრად მაღალი იყო. დღევანდელი მდგომარეობით, იმ სესხების რაოდენობა, რომლებიც დარჩენილია და არ არის მთლიანად დაფარული, გაცემულია 2023 წლის პირველ იანვრამდე, ასეთი არის დაახლოებით 151 000 სესხი. ამ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს და ახალი გადაწყვეტილებით, ე.წ. ძვირი სესხები, ანუ რომელიც 30%-ში არის გაცემული და ცოტა უფრო მეტშიც, მათი საპროცენტო განაკვეთები შემცირდება იმ საპროცენტო განაკვეთამდე, რომელიც არის განსაზღვრული უკვე ახალი ხელშეკრულებით სააგენტოსა და ბანკს შორის“, – აღნიშნა გზირიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგადად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კომერციულ ბანკებთან.
„იცით, რომ ეს სამსახური ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან არის შექმნილი. საკითხები ძალიან მრავალფეროვანია, რაც მომხმარებელს აწუხებს. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი. კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის მუდმივად არის. ეს პრობლემები და ხარვეზები პერიოდულად სწორდება და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.
კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7-დან 8 მილიონამდე თანხას დაზოგავენ პენსიონერები, თუმცა ბანკის მხრიდანაც რომ შევხედოთ, ამან, შესაძლოა, გააუმჯობესოს პორტფელიც, რადგან მომხმარებელს უფრო ნაკლები ტვირთი აქვს. ეს ზრდის მის გადახდისუნარიანობასაც და ლოიალობაც უფრო მეტი აქვს კომერციული ბანკის მიმართ. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ხარჯია კომერციული ბანკისთვის და მას აქედან სარგებელი, თუნდაც მომხმარებლის კმაყოფილების კუთხით, არ ექნება.
ხელშეკრულების მიხედვით, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე (TIBR-ის ინდექსი) არსებულ განაკვეთს პლიუს 15 პროცენტი. დღესდღეობით ეს განაკვეთი არის 10.05 პროცენტი, ამას პლიუს 15 პროცენტი, გამოდის 25 პროცენტი. ანუ, დღევანდელი მდგომარეობით, 25%-ში გაიცემა საპენსიო სესხები“, – განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.