ლაშა გურულმა ყაზახი მუხამედსაბირი დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და ოლიმპიური მედალი გაინაღდა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდა.
21 წლის ყაზახთან ლაშამ შეხვედრა დამაჯრებლად წარმართა, მაგრამ პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭა. მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა თუმცა უფრო ეფექტურად იბრძოლა და ამჯერად ყველა მსაჯმა მას მიანიჭა უპირატესობა და გადამწყვეტი რაუნდის წინ ანგარიში გათანაბრდა.
ბოლო რაუნდში გურულმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 3:2 გაიმარჯვა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 27 წლის ქართველმა ოლიმპიური მედალი გაინაღდა: ნახევარფინალში გამარჯვებულები ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოს მედლებს მიიღებენ.
1/2-ფინალი, რომელშიც გურული კუბელ ბორხესს დაუპირისპირდება, 4 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 19:06 საათზე დაიწყება.