ლაშა ფურცხვანიძე - ბევრი დამთხვევაა, რადგან ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს ჩვენ, უცხოელ სპეციალისტს და ექსპერტებსაც
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება დატოვა. ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დღის პირველი საათიდან მიმდინარეობდა.
როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში ბევრი დაამთხვევაა.
მისივე თქმით, აუზში ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებულია უცხოელ სპეციალისტისა და ექსპერტების მიერ.
„ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ასევე შემოწმებული აქვთ უკვე ექსპერტებსაც. ამის შემდეგ ალბათ შეამოწმებს ექსპერტიზა, მოდით გამოძიებამ დაადგინოს“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.