ლაშა ფარულავა - ნიკა მელია გახდა ტვირთი საკუთარი მხარდამჭერებისთვის
ნიკა მელია გახდა ტვირთი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ნიკა მელიას 2020-2021 წელს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა, რომ ყოფილიყო გამაერთიანებელი. მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ევროპული პერსპექტივის საკითხი, ის, რომ საჭიროა ხელისუფლებამ შეასრულოს დირექტივა, რომელიც ევროკომისიისგან მიიღო, არის უმთავრესი საკითხი საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის და ამ საკითხზე არის მიბმული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ იმიტომ დავიწყეთ შიდა არჩევნები, რომ საჭიროა, ისეთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს მოახდენს. ჩვენ ვფიქრობთ, ლევან ხაბეიშვილი არის სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი ექნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოახდინოს ცვლილებები და დაიწყოს მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა ოლიგარქიული კლანის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ არიან დღეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები იმ გუნდისთვის, რომელიც ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობს, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდენტობა არის მიხეილ სააკაშვილი და ის რეფორმები, რომლებიც მან ჩაატარა ვანო მერაბიშვილთან ერთად.
„სწორედ ამ რეფორმების შედეგად, საქართველოს კეთილსინდისიერმა მოქალაქემ მიიღო უამრავი სარგებელი. მათ შორის, არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც აქვთ წუხილი, და არა მარტო წუხილი აქვთ, არამედ თვლიან, რომ რაღაც კონკრეტულ დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ფარულავამ.
შეკითხვაზე, რა უშლის ხელს მერაბიშვილს და კეზერაშვილს, რომ ღიად გამოხატონ პოლიტიკური პოზიცია და არის თუ არა მათი გამოჩენის წინააღმდეგი ხაბეიშვილის მხარდამჭერი გუნდის ნაწილი, როგორც ამას პარტიის მეორე გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ახლა ეროვნული ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და არა – ამაზე საუბარი.
ლაშა ფარულავამ ასევე განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ტომარაჩამოცმული იმიტომ გაიყვანა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში არ გატყდა, თავის პოზიციაზე იდგა და ახლაც იმავე პოზიციაზე დგას.
„მოტივი ის ხომ არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა? თქვენ როგორ ფიქრობთ? ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს ამაზე. ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული? სწორედ იმიტომ ჩაიდინა, რომ ვანო მერაბიშვილი შვიდი წლის განმავლობაში არ გატეხილა ციხეში, თავის პოზიციაზე იდგა და დგას“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ „ქართული ოცნება“, რომელიც რუსული ოცნება აღმოჩნდა, კარში ჩადგა და ქვეყანას ევროპის კარში არ უშვებს.
„ამიტომ საჭიროა მათი გვერდით გაწევა მშვიდობიანი მეთოდით. რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება საჭირო და ეს პროტესტიც იქნება. მათ შორის იქნება საერთაშორისო სანქციებიც. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კულისებს მიღმა არიან და საქართველოს რუსეთისკენ მიათრევენ, დღის შუქზე უნდა გამოვიყვანოთ და ყველა უნდა ხედავდეს, ვინ უსპობს საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ამას გპირდებით. მინდა, თქვენ, როგორც საქართველოს ერთ კეთილსინდისიერ მოქალაქეს დაგპირდეთ, რომ იმისთვის, რათა ევროპული პერსპექტივა რეალიზდეს, ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გარეთ იქნება სანქციები, შიგნით იქნება აქციები და საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.