ლაშა დვალი ახალ შეთავაზებებს ელის - სამწუხაროდ, ტრავმების გამო დასრულებულ სეზონში ცოტა ვითამაშე #1TVSPORT
ლაშა დვალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშიდან“ წამოსვლის მიზეზი დაასახელა.
„ოფიციალურად, „ფერენცვაროშთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს მიმთავრდება და დავტოვებ. ისე მოხდა, რომ ბევრი ტრავმა მქონდა, ასეთ დროს კი გუნდი კონტრაქტს არ აგრძელებს.
მაგრამ უკან რომ გავიხედო, ამ გუნდში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე და „ფერენცვაროშის“ ძალიან მადლიერი ვარ. არაფერს არ ვნანობ.
ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და შემოთავაზებებს ველოდები. წინადადებები არის ევროპის რამდენიმე ქვეყნის გუნდიდან. მაგრამ ჯერ ისეთი არაა, რომ თქვა, ახლავე წავალო.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო დასრულებულ სეზონში ცოტა ვითამაშე. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის შეიძლებოდა სასურველი გუნდი უკვე მომენახა.
ჩერჩესოვზე გაბრაზებული? არა, არ ვარ. საქართველოში დაიწერა, რომ არ ათამაშებენო და ცოტა გაბრაზებულიც ვიყავი. არა ტრავმები, ვერ ვიტყვი, რომ ყველა შეხვედრას ჩავატარებდი, მაგრამ ბევრად მეტს ვითამაშებდი. გაბრაზებული იმიტომ ვიყავი, რომ ნახსენები არ იყო, ტრავმების გამო რომ არ მიწევდა თამაში და არა მწვრთნელის გამო.
ჩერჩესოვთანაც ნორმალური დამოკიდებულება მქონდა. სხვათა შორის, ესეც დაიწერა. ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთანაც და გიორგი ხარაიშვილთანაც, რომელიც დღემდე კლუბშია. მწვრთნელთან დაკავშირებით ყველაფერი ევროთასებზე გამოჩნდება“.