ლაშა ჟვანიას ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს ელჩი „ფეისბუქში“ წერს.
„დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ!
ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველოს მოქალქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად. არ დასჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს“, – აღნიშნავს ლაშა ჟვანია.
ამასთან, საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზმა და ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ მიერ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.
„ხვალ, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.
ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.
დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის.
ისრაელის საელჩოს სურს განსაკუთრებით აღნიშნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიასა და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის (წინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში) მიერ შეტანილი პირადი წვლილი“, – აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.