ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ხვალ მედიასთან ერთად მივა
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ლაშა ჟვანის განცხადებით, პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ხვალ მედიასთან ერთად მივა.
როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი სრულად არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად დასრულებულია და პრეზიდენტი საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.
„ხვალიდან უკვე ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი გაყვანილია ავლაბრის რეზიდენციიდან, ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის მუშაობისთვის. ყველაფერი წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას“,- განაცხადა ჟვანიამ.
ამასთან, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ მისი დანიშვნის ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია და ეს სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.
„მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია, თანამშრომლებს შევხვდე. ასევე ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებია შესატანი. ათონელის რეზიდენციას დავათვალიერებთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.