ლაშა ჟვანია - ინაუგურაციის დღესვე პირველი გზავნილი იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი დანაპირებს ასრულებს
ლაშა ჟვანია - ინაუგურაციის დღესვე პირველი გზავნილი იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი დანაპირებს ასრულებს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნა სტუმრების მოწვევისა და ცერემონიაზე მათი განთავსების საკითხიც.

„სავარაუდოდ საბოლოოა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამაზე იყო შეთანხმება და შემდეგ ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა. დღევანდელ შეხვედრაზე ადგილმდებარეობის შეცვლა არ განიხილებოდა. განვიხილეთ ტექნიკური საკითხები, სტუმრების მოწვევისა და მათი განთავსების შესახებ. დღეს მხოლოდ საკონსულტაციოდ ვიყავით შეკრებილი“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კითხვაზე, იმიტომ ხომ არ შეირჩა თელავი ინაუგურაციის ცერემონიის ადგილად, რომ აღნიშნულ ქალაქში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო, ლაშა ჟვანია ამას არ გამორიცხავს და ასევ სხვა მიზეზებზეც მიუთითებს.

„არ გამოვრიცხავ, შეიძლებოდა, მოტივი ეს ყოფილიყო. გარდა ამის, შეიძლება, სხვა მიზეზიც იყოს. ერთ-ერთი ის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორც არჩეული პრეზიდენტი ბრძანებდა, პირველ რიგში, ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი, რომ რეგიონებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას და პირველი გზავნილი მისი მხრიდან ინაუგურაციის დღესვე იქნება, რომ თავის დანაპირებს ასრულებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.