ლაშა ჟვანია - ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში პანიკურ ქმედებებს იწვევს
ლაშა ჟვანია - ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში პანიკურ ქმედებებს იწვევს

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ და 12 ოქტომბერს არის დანიშნული დამატებითი ავიარეისები, მოთხოვნის შემთხვევაში კი, რეისის დამატებასაც განიხილავენ.

„როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩმა ისრაელში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო.

„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც რკინის გუმბათი ჰქვია, იგერიებდა თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს შუადღეს განგაშის სირენა იყო თელ ავივსა და მის შემოგარენში, თუმცა მალევე ჩაწყნარდა მდგომარეობა. ჩრდილოეთიდან მოხდა ასევე საჰაერო თავდასხმა, სადაც საპასუხო თავდასხმა ჰქონდა ისრაელს. დღეს რეალურად ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია, არავის მოუსმენია ამერიკის ლიდერისგან. ის ძლიერი ლიდერია, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. ის მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება, ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყოს. ეს სერიოზული გზავნილია ამერიკის მხრიდან, რამაც, წესით, უნდა შეცვალოს და შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები ან მეორე, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს აშშ-ის რეაგირებას „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.