ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს
ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.
ამის შესახებ ჟვანიამ „იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„2008 წელს, ჩვენ ხმამაღლა განვუცხადეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა არ იქნებოდა, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან გამკლავება მოუწევდა“, – განაცხადა ჟვანიამ.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„დემოკრატიულ სამყაროს რომ ძლიერი გზავნილი გაეშვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს პრეცედენტი უკრაინაში აღარ განმეორდება“, – აღნიშნა ჟვანიამ.
ინტერვიუს დროს ჟვანიამ რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასხმებზეც ისაუბრა.
„კიბერთავდასხმებით რუსეთი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენდა არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის წინაშეც. ბოლო 12 წელია, რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ყოველწლიურად ცდილობს, ე.წ. სასაზღვრო ხაზების გადაწევით, ზოგჯერ რამდენიმე, ხანდახან კი – რამდენიმე ასეული მეტრით“, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ისრაელ-საქართვლოს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობაზე და განაცხადა, რომ ომში დაშავებულ ჯარისკაცებს „ისრაელის საჰაერო დახმარების“ ორგანიზაციის ექიმებიც მკურნალობდნენ, რამაც, ელჩის თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გააძლიერა.