ლაშა დარსალიამ ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა
ლაშა დარსალიამ ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში (GCSP) შეხვედრა გამართა ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ცენტრ​ის თანამშრომლებთან. მინისტრის მოადგილემ მოხსენება გააკეთა თემაზე „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ომზე და აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობაზე და ჟენევასა და ნიუ-იორკში წარმოდგენილი საქართველოს რეზოლუციების მნიშვნელობაზე.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებმა, კრისიტან ბულმანმა და მარკ ფინომ. ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის​ თანამშრომლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია თავად არის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის 2016 წლის კურსდამთავრებული.