ლაშა დარსალია - საკმაოდ რთული ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესია, მოვისმინეთ ხისტი პოზიციები, შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი, 6-პუნქტიან შეთანხმებაზე რუსეთის მხრიდან არ ჩანს სურვილი, რომ წინ წავიწიოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში მოისმინეს საკმაოდ ხისტი პოზიციები და შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი. ლაშა დარსალიას განმარტებით, რუსეთის მხრიდან არის ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობა, რომ 6-პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები მეორე პლანზე გადავიდეს და სხვა თემებზე იყოს მსჯელობა.
„საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესია. განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში მოვისმინეთ საკმაოდ ხისტი პოზიციები და შეიძლება ითქვას ფარული მუქარაც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელებაც საკმაოდ რთული იქნება. გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში რუსული მხრიდან არ ჩანს არანაირი სურვილი და მოტივაცია, რომ წინ წავიწიოთ.
მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც კია, რომ ეს საკითხები გადავიდეს მეორე პლანზე და სხვა საკითხებზე იყოს მსჯელობა. ანუ, ჟენევის თემები არ იყოს მოლაპარაკებების პროცესში შემოტანილი, რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მთავარია, რომ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე იყოს მიღწეული პროგრესი – ესაა რეალურად სტატუსკვოზე დაბრუნება, რომელიც უნდა იყოს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების წინაპირობა. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და კონფლიქტი გაგრძელდება. მოლაპარაკებებზე მაგალითად იყო ხაზგასმა საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე და მცდელობა ამის წარმოჩენის, როგორც საფრთხის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
დარსალიას განმარტებით, სინამდვილეში კი, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა აქტივობა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ხორციელდება.
„ამ საკითხებს საერთო არაფერი აქვს 6-პუქტიანი გეგმის შესრულებასთან. რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება არის ყურადღების გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან და რეალური საკითხიდან, რაცაა 6-პუნქტიანი შეთახნმების შესრულება და რუსეთის ვალდებულებები.
ფარულ მუქარაზე როდესაც ვსაუბრობთ, არის მცდელობა, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რადგან ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი რამისთვის, 6-პუნქტიანი შეთანხმებისთვის. ცალსახაა, რომ საქართველო არ აპირებს, განიხილოს ვინმესთან და განსაკუთრებით რუსეთთან, როგორი უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის არჩევანი, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არ არის ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი. ამაზე მსჯელობა არ გაგვიმართავს, უბრალოდ არის მცდელობა, რომ დისკუსია აქამდე მივიდეს და აქ არსებულ რეალურ საკითხებზე საუბარი არ შედგეს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.