ლაშა დარსალია - საერთაშორისო ფორმატები მნიშვნელოვანია, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარზე მყარია
ცალსახად გრძელდება მილიტარიზაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამაზე, როგორც ყოველთვის, პასუხი აქვთ, რომ ეს არის „სუვერენული“ გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის ან ცხინვალის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ცინიკური მიდგომაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ამასთან, დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები და სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, ხოლო ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარია.
„ისრების გადატანის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტრადიციული საკითხია, როდესაც ისინი თავის თავს ეძახიან მედიატორებს, ამბობენ, რომ მხარეები არიან საქართველო და თითქოსდა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, თუმცა ყველასთვის ცხადია, საერთაშორისო სამართლისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ვალდებულებები, პირველ რიგში, აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის 6-პუნქტიანი შეთახმებით, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები – ამაში ვგულისხმობ როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და ა.შ. დღეს იქნება თუ ხვალ, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები არის მყარზე მყარი“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობს.