ლაშა დარსალია - რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება, რუსეთი ყოველთვის უკმაყოფილოა ასეთი რეაგირებით
ლაშა დარსალია - რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება, რუსეთი ყოველთვის უკმაყოფილოა ასეთი რეაგირებით

ძალიან მადლობელი ვართ იმ მძლავრი მხარდაჭერის, რაც საქართველოს ჩვენი პარტნიორების მხრიდან აქვს. ბუნებრივია, როდესაც რუსეთი დგამს დესტრუქციულ ნაბიჯებს, ამას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის უკმაყოფილოა ასეთი რეაგირებით, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას, სადაც ნათქვამია, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს“.

დარსალიას თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემდეგ ქართული მხარის მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადებები, რასაც მოჰყვა პარტნიორების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები.

„ინციდენტების დაფიქსირებისთანავე შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ქართული მხრიდან, რასაც მოჰყვა საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნებოდა ეს აშშ თუ სხვა პარტნიორები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. რაც უფრო მძლავრია ეს მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს, განახორციელოს დესტრუქციული ნაბიჯები. ამავე ჭრილში, მაგალითად, ხაზს გავუსვამდი სხვა აქტივობებს; მოგეხსენებათ, გუშინ დაიწყო ეუთო-ს მორიგი მუდმივი საბჭო, რომლის ფარგლებშიც დღეს უკვე საქართველოს საკითხი იყო განხილული, უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეს ბოლო ინციდენტები, სადაც საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა იყო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ლაშა დარსალია.