ლაშა დარსალია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული ვითარება გართულებულია, შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც არ იქნება მარტივი

ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის ფონი კიდევ უფრო გართულებულია როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ეს იმ ფონზე, როდესაც მოხდა საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა, როდესაც გრძელდება დაკავებები, ბორდერიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.

„სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება გართულებულია. შესაბამისად, რაუნდიც არ იქნება მარტივი. სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, როგორც ყოველთვის, რომ მარტივად განიხილება თემები. თავისთავად, მკვლელობის საკითხი იქნება მთავარი, რასაც დასვამს ქართული დელეგაცია. გარდა ამისა, ის საკითხიც, რისთვისაც ჟენევა არსებობს, პირველ რიგში, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. აღნიშნულ რაუნდზე მკვლელობის თემა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პირველ რიგში, რასაც ხაზი უნდა გაესვას, ის არის, რომ, ცალსახად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და, შესაბამისად, შემსრულებლები უნდა იყვნენ დასჯილი. რაც შეეხება მათ გამოძიებას, რა თქმა უნდა, არ ვცნობთ და არც ვენდობით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.