ლაშა დარსალია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მძიმედ აისახება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ზოგადადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც პირველ რიგში მძიმედ აისახება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, – ამის შესახებ პირველ არხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განუცხადა.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებები რეგულარულად ხდება, რაც ძალიან ცუდია.
„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უნდა მოჰყვეს საკმაოდ მძიმე რეაგირება. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ფაქტი არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ დგას და პირიქით, პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეორე სამუშაო ჯგუფის, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება”, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.