ლაშა დარსალია - ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად ვერ იქნება
ლაშა დარსალია - ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად ვერ იქნება

თუ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმა და დადასტურება, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ რუსეთია და ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს რუსეთი ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ

ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„იქ საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი შეუძლებელია იყოს, რადგან სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილია. დაკეტილია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) თავისთავად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობას ითვალისწინებს. ამიტომ, იქ არანაირ საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. განცხადებები იყო საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან. ისინი თავიანთ სურვილებს უფრო აჟღერებენ, ვიდრე რეალობას. თუ რუსეთიდან რაიმე ფრენები განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა და დადასტურება, რომ საოკუპაციო ძალა სწორედ რუსეთია და ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს რუსეთი ახორციელებს. საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად ვერ იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი სოხუმის აეროპორტის გახსნას და რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების შესრულება ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას“ და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.