ლაშა დარსალია - ნატო-ს სამიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ძირითადი ღონისძიებები, იქნება შესაძლებლობა ღონისძიებებში ჩართულობის და საქართველოს პოზიციების წარმოდგენის
ნატო-ს სამიტის ფარგლებში გუშინ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლის დროსაც საქართველოსა და ნატო-ს მნიშვნელოვანი მიმართულებები, საკითხები იქნა განხილული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
დარსალიას თქმით, შეხვედრებზე ისახება გეგმები შემდგომი თანამშრომლობისთვის.
„მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც არის საიუბილეო სამიტი და აღინიშნება ორგანიზაციის დაარსების 75 წელი. გუშინ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს არის მთავარი დღე, როდესაც ძირითადი ღონისძიებები იქნება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში. გარდა ამისა, გაიმართა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საქართველოსა და ნატო-ს მნიშვნელოვანი მიმართულებები, მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. ეს შეხვედრები, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რადგან საჭირბოროტო საკითხებსა და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ხდება მსჯელობა, ისახება გეგმები შემდგომი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ამასთან, დარსალიას კითხვა დაუსვეს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჯო ბაიდენის მასპინძლობით გაიმართა, რაზეც დარსალიამ აღნიშნა:
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამართული მიღება, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყანასთან, პირველ რიგში, მასპინძელ ქვეყანასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების, სხვადასხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობა იყო“.
ლაშა დარსალიას განცხადებით, სამიტის ფარგლებში ძირითადი ღონისძიებები დღეს გაიმართება.
„დღეს არის მთავარი დღე, როდესაც გაიმართება ძირითადი ღონისძიებები, სადაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, შესაბამისად, საქართველოც არის წარმოდგენილი. აღნიშნული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა ღონისძიებებში ჩართულობის და საქართველოს პოზიციების წარმოდგენის, ამასთან პარტნიორებთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლის და შემდგომი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე საუბრის. გარდა ამისა, გაიმართება მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან მოხდება შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარი. მთავარი არის ის, რომ საქართველოსთვის რჩება და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.