ლაშა დარსალია - მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, რუსეთმა ჯობს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს
საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყურადღება მივაქციეთ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან, Agile Spirit 2021-თან დაკავშირებით და გვინდა, აღვნიშნოთ შემდეგი:
საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება, თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, რაც ხორციელდება კიდეც.
საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.
საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, ჯობს, რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.