ლაშა დარსალია - მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, როგორ აუარესებს რუსული ოკუპაცია კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას
ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება.
მისი თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფომ ყველა შესაბამისი მექანიზმი აამოქმედა.
„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ აღნიშნული ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდეგ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალავ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.