ლაშა დარსალია - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ოკუპაცია და რუსეთის პასუხისმგებლობა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ოკუპაცია და რუსეთის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ხაზგასმაა.
„დღეს ადამიანის უფლებათა საბჭოში შედგა საქართველოს რეზოლუციის კენჭისყრა. ეს არია რეზოლუცია, რომელიც 2017 წლიდან გადის ადამიანის უფლებათა საბჭოზე. მნიშვნელოვანი იყო ეს რეზოლუცია რამდენიმე საკითხის გამო. პირველ რიგში, მასში აისახა ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის რუსეთის ეფექტური კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამით ოკუპაციის ხაზგასმა, ამასთან, რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. შესაბამისად, ეს აისახა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაშიც. წელს რუსეთი თავად არის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და მიუხედავად მისი ზეწოლისა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა ამ რეზოლუციას.
გარდა იმისა, რომ დოკუმენტი გავიდა, ის საქართველოსთან ერთად დაასპონსორა 48 ქვეყანამ. ერთობლივი რეზოლუცია საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ხაზგასმაა. საქართველოსთვის მთავარია, ჩვენ მოვახდინოთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღევანდელ რეზოლუციაშიც ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ადამიანის უფლებათა კომისარმა უნდა მოახერხოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაბამისი მოხსნების მომზადება საბჭოს შემდგომი სხდომებისთვის. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელთა თანმიმდევრულმა გამოყენებამ, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, უნდა გააძლიეროს რუსეთზე ზეწოლა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.