ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებელი დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველ ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვასთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძისა და სხვა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დატყვევების ფაქტებზე, რაც ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული სიტუაციის გაუარესებას.
ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს, რამაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს უკიდურესად გაამწვავა ადგილზე სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად ილახება კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლება, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე
„მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საგნობრივი განხილვის აუცილებლობას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალში, შესაბამისად ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.