ლაშა დარსალია - ეუთო მნიშვნელოვანი ფორმატია, პარტნიორი ქვეყნები გამოხატავენ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რაც მეგობართა ჯგუფის განცხადებაშია ასახული
ეუთო მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები მკაფიოდ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა არის მნიშვნელოვანი.
„ეს ეხება ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო-ს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე და ეს კარგად, ნათლად გამოჩნდა გუშინდელი განცხადებების დროსაც, პრაქტიკულად ყველა დელეგაციამ, ყველა პარტნიორმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოსთან მიმართებაში ოკუპაციის დასრულებას და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. ეუთო ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მკაფიოდ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რაც ასახულია, პირველ რიგში, მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში. განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და, ზოგადად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული. აღნიშნულ განცხადებაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ცალსახად, პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი განცხადებებით, ასეთი რეზოლუციებით, ასეთი მიდგომებით ყალიბდება პირველი ნაბიჯები დეოკუპაციისკენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, – განაცხადა დარსალიამ.