ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში
ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს გარკვეული წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ საქართველოს პარტნიორებისა ძალისხმევა ძალიან მნიშნელოვანია.
„დღეს დაიწყება და ხვალ გაგრძელდება 55-ე რაუნდი. წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც ფონი საკმაოდ რთულია როგორც საერთაშრისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებრივი მძიმე მდგომარეობის თვალსაზრისით.
სამწუხაროდ, კვლავ გვაქვს ის რეალობა, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხები არის პოლიტიკური საკითხების მძევალი. ამ რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან ერთად, მოხერხდეს გარკვეული წინსვლა ჰუმანიტარულ საკითხებში.
ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების ძალისხმევა, თუკი მოხერხდება უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხების გამიჯვნა. გვაქვს სურვილიც და იმედიც, რომ გარკვეული წინსვლა მოხდეს, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე. რა მიმართულებით წავა პროცესი, ეს უკვე რაუნდზე გამოჩნდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.