ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მაშინ, როდესაც იქნება წინსვლა და არა მხოლოდ ინციდენტების პრევენცია
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ფორმატის შეფასებაზე საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ექვსპუნქტიანი შეთანხმება შესრულდეს, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები დაიწყო.
როგორც დარსალია აცხადებს, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
ამასთან, დარსალია აღნიშნავს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროგრესი ძალიან ნელია, თუმცა გარკვეული როლი მიუძღვის ინციდენტების აღკვეთაში.
„ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის მნიშვნელობა გამომდინარეობს იქიდან, თუ რის გარშემოა თავად ეს ფორმატი შექმნილი. ეს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისთვის შექმნილი პროცესია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება გულისხმობს სტატუსკვოზე დაბრუნებას, რომელიც 2008 წლის ომამდე იყო. ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს და მნიშვნელოვანია წინსვლა. ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროგრესი ძალიან ნელია, თუმცა თავად ამ პროცესის არსებობა, თავისი კომპონენტებით, როგორიც არის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის ჯგუფები, გარკვეულწილად თამაშობს როლს ინციდენტების სრულად აღკვეთაში არა, მაგრამ ოდნავ შემცირებაში მაინც, რაც არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. თუმცა, პროგრესზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მხოლოდ მაშინ, როცა გვექნება წინსვლა და არა მხოლოდ პრევენცია გარკვეული ინციდენტების“, – განაცხადა დარსალიამ.
ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.