ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდზე რუსეთმა კარგად დაინახა, რომ საქართველო მარტო არ არის და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს
ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდზე კარგად გამოჩნდა, რომ საქართველო მარტო არ არის, საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა თავისი პარტნიორების და ეს კარგად დაინახა თავად რუსეთის ფედერაციამ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საკმაოდ რთული რაუნდი გაიმართა.
„სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა საკითხებისადმი. პრაქტიკულად ყველა ძირითად საკითხზე, როგორებიც არის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, არ გამოიჩინა არანაირი ნება, რომ გაუმჯობესდეს ვითარება. ბოლოს, საერთოდ, როგორც ყველა წინა რაუნდზე, დევნილთა საკითხის განხილვისას მათ დატოვეს მოლაპარაკებათა მაგიდა. განსაკუთრებით, მინდა, მოლაპარაკებათა პროცესში ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის, ასევე ყველა თანათავმჯდომარის მტკიცე პოზიციას, ეს ეხებოდა როგორც ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველოს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, რაც გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც რუსეთი იძულებული იქნება, დაბრუნდეს და დაჯდეს მაგიდასთან ამ საკითხების განსახილველად, რომლებიც ეხება 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ადგილზე. მიდგომა რუსეთის ფედერაციას აქვს ის, რაც აქვს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო – და კარგად გამოჩნდა – რომ საქართველო მარტო არ არის, საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა თავისი პარტნიორების და ეს კარგად დაინახა თავად რუსეთის ფედერაციამ. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ის შეძლებს, დაჩაგროს საქართველო და არ მიიღოს პასუხი საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორებისგან“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.