ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად თემებს შორის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი იქნება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის ძირითად თემებს შორის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი იქნება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში პირველ არხს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ამ თემას დისკუსიაზე მწვავედ დააყენებს.
„ვაპირებთ, ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დავაყენოთ. გარდა ამისა, ამ ფონზე, ზოგადად დადგება საკითხი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა გალსა და ახალგორში, მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დადგება ოთხოზორიას მკვლელობის, ბაშარულის საკითხი და ასე შემდეგ. პირველ რიგში, ეს გულისხმობს, რომ არ მოხდეს ხელის შეშლა ქართული მხარის მიერ წარმოებული გამოძიებისთვის, დადგინდეს დამნაშავეები, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, ასეთ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჟენევაში მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე მთავარი ფონი არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიით იქმნება და ამ თემაზე ყველა ფორმატში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.
მოლაპარაკებები შვეიცარიაში 27-28 მარტს იმართება, თუმცა არაფორმალური კონსულტაციები 26 მარტს უკვე დაიწყო თანათავმჯდომარე ორგანიზაციების (გაერო, ევროკავშირი, ეუთო) წარმომადგენლებთან.
27 მარტს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, ასევე პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და მეორე სამუშაო ჯგუფის თანამოდერატორებთან.
დასკვნით დღეს კი შედგება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მომზადებაზე გააგრძელებენ მსჯელობას.