ლაშა დარსალია - ჟენევაში დღის წესრიგში როცა დადგა დევნილთა დაბრუნების საკითხი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებები, ადრე თუ გვიან იქნება შესაძლებლობა, განვიხილოთ რეალური დღის წესრიგი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების საკითხი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
დარსალიას თქმით, რუსეთის დელეგაცია ცდილობს, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხებისა.
„გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 62-ე რაუნდი. სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა რაუნდის შემთხვევაში, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების საკითხი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და ამით, ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, მოლაპარაკებათა პროცესი ჩაიშალა. მოგეხსენებათ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი შექმნილია ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესასრულებლად, შესაბამისად, აქედან ამოდის საქართველოს დელეგაციაც და როგორც ყველა რაუნდზე, ჩვენთვის მთავარი საკითხია რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დევნილთა დაბრუნება, ასევე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს საქართველოს მოქალაქეების დაკავებები, მკვლელობები, ე.წ. ბორდერიზაცია და ასე შემდეგ.
ყველა ეს საკითხი მწვავედ დგას საქართველოს დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა ამ საკითხებისა. პერიოდულად შემოაქვთ ხოლმე სხვადასხვა საკითხი, რომელიც საერთოდ არ არის ჟენევის დღის წესრიგის ნაწილი და ამით ყურადღების გადატანას ცდილობენ. მაგალითად, ბოლო რამდენიმე რაუნდია, ისინი საუბრობენ ჟენევის მოლაპარაკების სხვა ქალაქში გადატანაზე და ასე შემდეგ. საქართველოს დელეგაცია არც კი შედის ამ განხილვებში, რადგანაც მთელი ფორმატი, მათ შორის ადგილიც, შეთანხმებულია შესაბამისი მოდალობებით და საქართველოს დელეგაციას არც მიზანშეწონილად მიაჩნია და არც აპირებს, განიხილოს ამ მოდალობების შეცვლა.
ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს დღის წესრიგის განხილვას, არ მოახდინოს სხვა, არარელევანტური საკითხებით მისი გადატვირთვა და დაუბრუნდეს რეალური დღის წესრიგის განხილვას. დარწმუნებული ვართ, პარტნიორების მტკიცე პოზიციითა და მხარდაჭერით იქნება შესაძლებლობა, ადრე თუ გვიან განვიხილოთ რეალური დღის წესრიგი ექვსპუნქტიანი შეთანხმების“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.